მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში: კრიტიკული ანალიზი / World Heritage in Georgia Critical Analysis

22–30 ივნისს სევილიაში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა საქართველოსათვის არასასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. მცხეთის ისტორიული ძეგლები, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსთან, ბაგრატის ტაძართან და ზემო სვანეთთან ერთად უკვე თხუთმეტი წელია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად ირიცხება, საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო ნუსხაში შეიტანეს.

ქართული საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც კონვენცია წევრ ქვეყანას აკისრებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუდმივმა სოციალურ–ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა ეს თემა, ბევრ სხვა საინტერესო საკითხთან ერთად, უკანა პლანზე გადასწია. ჩვეულებისამებრ, საკითხი “მონოპოლიზებულ” იქნა ცალკეული ექსპერტების მიერ და საზოგადეობის და საზოგადოების საზოგადოების თვალსაწიერს მიღმა უხმაუროდ განვლო უკვე თხუთმეტმა წელიწადმა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის დასკვნების მიხედვით, ამ ხნის მანძილზე საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის და, კონკრეტულად, მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ძირითად მიზეზებად არასათანადო მართვა, სახელმძღვანელო დოკუმენტების არარსებობა და, აქედან გამომდინარე, შეუსაბამო ჩარევები სახელდება. ეს მაშინ, როცა UNESCO-ს ექსპერტების მონაწილეობით და საერთაშორისო დაფინანსებით დიდი ხანია შექმნილია “მცხეთის მემკვიდრეობისა და ტურიზმის გენერალური გეგმა”, რომლის ოფიციალურ სამოქმედო დოკუმენტად დამტკიცებას ამაოდ ითხოვს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ბოლო ექვსი წლის მანძილზე.

კომიტეტის დასკვნები და მოთხოვნები გამომდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფუნდამენტური დებულებებიდან, რომლის უპირველესი მიზანია გამოავლინოს, დაიცვას და მომავალ თაობებს გადასცეს განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები. კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებში იგულისხმება არა მარტო კონკრეტული არქიტექტურული ანსამბლები და არქეოლოგიური მონაპოვარი, არამედ ისტორიული ქალაქები და დასახლებები, ტექნოლოგიისა და მეცნიერების მიღწევები და კულტურული ლანდშაფტები. ამიტომაც იტევს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხა როგორც პართენონსა და პირამიდებს, ასევე ნორვეგიიდან უკრაინამდე გადაჭიმულ სტრუვეს გეოდეზიურ მრუდს, ფილიპინებზე იფუგაოს ბრინჯის პლანტაციების ტრადიციულ ტერასებს და რვაასზე მეტ სხვა ღირშესანიშნავ ადგილს.

კონვენცია მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა “შეიმუშაონ და დაამტკიცონ ეროვნული პოლიტიკა, რომელიც კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას საზოგადოების ცხოვრების ფუნქციურ ნაწილად აქცევს”, შექმნან შესაბამის საკანონმდებლო, სამეცნიერო, ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური გარემო; დააფუძნონ ეროვნული და რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრები და აღკვეთონ ნებისმიერი ქმედება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანს მიაყენებს მემკვიდრეობას.

კონვენციის სამოქმედო პრინციპები განმარტავს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისთვის შესაბამისი დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ძეგლთა დაცვის სისტემის დეცენტრალიზება. განვითარებისა და კონსერვაციის ჰარმონიული პოლიტიკის შემუშავება, გრანტებისა და საგადასახადო შეღავათების მეშვეობით კერძო მესაკუთრეების წახალისება, ცვლილებების კონტროლი, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ძეგლების მართვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ეს ყველაფერი თანაბრად ეხება საქართველოს, როგორც კონვენციის წევრ ქვეყანას, რომ აღარაფერი ვთქვათ სპეციალურად საქართველოსათვის განკუთვნილ კონკრეტულ მითითებებსა და რეკომენდაციებზე. მაგრამ მოდით, დროებით დავივიწყოთ საერთაშორისო რეგულირება და დავფიქრდეთ რა დამოკიდებულება გვაქვს ეროვნულ დონეზე ჩვენი მემკვიდრეობის მიმართ.

ქართული საზოგადოებისათვის ისტორიული ძეგლები უმეტესად სასკოლო ექსკურსიებთან და შაბათ–კვირის პიკნიკებთან ასოცირდება. ბუნების წიაღში, თვალწარმტაც ხეობაში მიმალული ტაძარი, იქვე ჩეროში გაშლილი სუფრა და წყაროში ჩაციებული ღვინო კულტურული მემკვიდრეობის ქართული გაგების ყველაზე რეალური გამოხატულებაა. აღსანიშნავია, რომ ეწირედ ეკლესია, და რა სხვა რამ, არის ისტორული მემკვიდრეობის პოპულარული სიმბოლო. ეს არცთუ უსაფუძვლოა, რადგან ქვეყნის ისტორიული განვითარების პროცესში ეროვნული იდენტობა და მართლმადიდებლობა მჭიდროდ ჩაეწნა ერთმანეთს. იმდენად მჭიდროდ, რომ დღეს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არის ქვეყნის მოძრავი და უძრავი ეროვნული საგანძურის აბსოლიტური უმრავლესობის მფლობელი. მაშ შორის, ყველა მოქმედი და არამოქმედი ეკლესია–მონასტრის, მათი ნანგრევების და მიწის ნაკვეთების, რომლემზედაც ისინია განლაგებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც მფლობელს, სწორედ ეკლესიას აკისრია ამ ძეგლების დაცვისა და მოვლა–პატრონობის უპირველესი მოვალეობა.

ეს დეტალები უადგილო იქნებოდა, რომ არა ჩვენი საამაყო ისტორიული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობა, რისი დასტურიც სვეტიცხოვლის, ჯვრის, სამთავროს ტაძრებისა და ბაგინეთის არქეოლოგიური ნაშთების საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეტანაა. სამწუხაროდ, მხოლოდ UNESCO-ს დასკვნებიდან არის შესაძლებელი იმ ფაქტების დადგენა, რის გამოც მცხეთა ასეთ არასახარბიელო ნუსხაში მოხვდა. პროფესიონალები დუმილს ამჯობინებენ, სახელმწიფო ორგანოები თავს იმართლებენ, საზოგადოების უმრევლესობა კი “ივერიის ბგაბრწყინებას” ელის. ჰოდა, საიდან ეცოდინება რიგით მოქალაქეს, რომ ეკლესიის მესვეურთა ინიციატივით სვეტიცხოვლის სამრეკლოს შემორჩენილი ნაშთები მიზანმიმართულად იქნა დანგრეული ახალი სამრეკლოს აშენების მიზნით? რომ ეკლესიის ადმინისტრაციამ აბსოლიტურად დაუშვებელი ახალმშენებლოებბი განახორციელა ტაძრის ეზოში? რომ მაშინ, როცა მღვდელმთავარნი და მათი მადლიანი ინკოგნიტო დონორები ახალი იატაკის დაგებაზე ზრუნავენ, სვეტიცხოვლის ფრესკები განადგურების პირასაა? რომ მცირე ჯვრის ტაძარი ლამის თავიდან ააშენეს ღვაწლმოსილმა კონსერვაციის სპეციალისტებმა? რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ესოდენ ამბიციური იდეა ისტორიული ძეგლის გაუგონარი ხელყოფაა და ა.შ?

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით მტკივნეულია ეკლესიის წარმომადგენელთა თვითკმაყოფილი პოზიცია: “ეკლესია არ არის ჩვეულებრივი მესაკუთრე, რადგან… ეკლესიაში არიან და იყვნენ თავისი დროის ყველაზე განსწავლული ადამიანები” და ამიტომ ეკლესია “უფლებამოსილია განსაჯოს ისტორიული ძეგლების კონსერვაციის მეთოდოლოგიური საკითხები”. გასაკვირია, რომ “განსწავლულ” მღვდელმთავართა ინიციატივები რატომღაც მხოლოდ ისტორიულ ეკლესია–მონასტრებზე მიშენება–დაშენებით შემოიფარგლება და ავთენტური ორიგინალის განადგურებით, დამახინჯებით და ხელყოფით მთავრდება.

ფინანსების ნაკლებობა – ტრადიციული მიზეზია, რითაც არა მარტო ეკლესია, არამედ სახელმწიფოც თავის გამართლებას ცდილობს. ისტორიული ნაგებობების პროფესიონალური შესწავლა და სათანადო საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება შრომატევადი, ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომაც ამჯობინებენ თვითნებურ იმპროვიზაციას. მითუმეტეს რომ შედეგის საზეიმო დემონსტრაცია უმეტესად კონსერვაციის ნორმების შესახებ არასაკმარისად ინფორმირებული საზოგადოების წინაშე ხდება.

პარადოქსია, რომ “ფინანსების სიმწირის” მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით ახალი ეკლესია–მონასტრების ჯერ არნახული მშენებლობაა გაჩაღებული. საინტერესოა, თუკი მადლიერი მრევლი სოლიდურ შესაწირს არ იშურებს ახალი ტაძრების მშენებლობისა და ოქრო ვერცხლით შესამკობად, განა უარს იტყოდნენ ჩვენი ეროვნული საგანძურის გადასარჩენადაც გაეღოთ თანხა? ან თუკი მოიძებნება ფინანსები სვეტიცხოვლის ეზოში არქეოლოგიურ ნაშთებზე ბეტონის გადასასხმელად, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე თანხა იმავე არქეოლოგიური ნაშთების შენახვას, მოვლას და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოყენებას მოხმარდეს?

როგორც ცნობილია, ფინანსების ნაკლებობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტის პრიორიტეტულად და მიზანმიმართულად გამოყენება. ამ ლოგიკის მიხედვით, ეკლესია, რომელიც ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიწათმფლობელი და ამასთან ერის იდეოლოგიური მოძღვარია, გაცილებით დიდ პრიორიტეტს ანიჭებს საეკლესიო პირთათვის ამქვეყნიური კომფორტის შექმნას, ვიდრე მათი მრევლისათვის და მომავალი თაობებისათვის სულიერი საზრდოს მიწოდებას, მათთვის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაცნობას და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვას.

ქართული საზოგადოების რელიგიური სულისკვეთებით განმსჭვალულ უმრავლესობას, ვგონებ სჯერა, რომ “მცხეთა საპატრიარქოს წიაღში იშვა” და მკრეხელობად მიაჩნია რელოგიურ პირთა კომპეტენციაში ეჭვის შეტანა. შესაბამისად, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა სვეტიცხოვლის კედლებზე შუა საუკუნეების ფრესკები იქნება თუ რომელიმე თანამედროვე ხატმწერის მიერ შექმნილი ასლი. მათ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ ისტორიული ძეგლების ავთენტური, დახავსებული ქვები, გაცრეცილი ფრესკები და ძლივსშესამჩნევი წარწერები ამტკიცებს ობიექტურად და მიკერძოების გარეშე ქართული კულტურის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილის ასაკსა და მნიშვნელობას და მონიშნავს მისი წარმოშობის ტერიტორიასა და გავლენის სივრცეს.

ჩვენგან განსხვავებით, მსოფლიო საზოგადოებამ კარგად იცის ისტორიული ძეგლების ფასი და მნიშვნელობა. ჰოდა, ნუ გაგვიკვირდება როცა მცხეთასთან ერთად საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში “ახლადგარემონტებული” ბაგრატი, გელათი და ზემო სვანეთის ჯერ კიდევ თვალწარმტაცი კოშკები მოხვდება. მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძური ქართული ძეგლების გარეშეც არ დაკარგავს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ის კი დასაფიქრებელია, რას დავკარგავთ ჩვენ – ქართული საზოგადოება, თუკი ჩვენი ისტორიული ძეგლების გადარჩენას მხოლოდ “უფლის ნებას” მივანდობთ.